საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა და ოპოზიციური ველი მოსუფთავდება.
ასევე, სუბარმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა, რომ “ოპოზიციას არ სურს მედიატორი და საქართველოს მეგობრების ჩართულობა, არამედ უნდათ, იდგნენ ქუჩაში, იყვირონ და სასტვენებით უსტვინონ.”
“თუკი ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, უბრალოდ, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება და ახალი ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. კარგი იქნება, ეს გაითავისოს და გაითვალისწინოს ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მათმა მხარდამჭერებმაც და მთლიანად პარტიებმა. თუმცა, მხარდამჭერებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მათ ეს გათავისებული აქვთ, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ნაბიჯია გადადგმული. ჩვენ მზად ვართ ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ არჩევნები გაყალბდა.
თუ არ გაყალბდა, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მთავრობა ფუნქციონირებდეს, ვიღაცას შედეგი არ მოსწონდეს, ამის გამო არჩევნები ტარდებოდეს. მართლა ვეუბნები ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მივმართავ, 2024 წლამდე მათი ადგილი ამ პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ იმიტომ, რომ ქუჩაში დარჩებიან. მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, მე მათ ვაფრთხილებ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.