“ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ შესაძლოა პრობლემების ასეთი გადაწყვეტა ზუსტად არ იყოს მთლიანად პროპორციული, თუმცა, პრობლემებს ისინი ხედავენ და ეთანხმებიან. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს საზოგადებას ვუთხრა, რატომ შემუშავდა ეს კანონები,” – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში, „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
ასევე, თალაკვაძემ ვენეციისა და ეუთო-ს დასკვნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე საკითხთან მიმართებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დარწმუნებულია.
“დაფინანსებასთან მიმართებით ვენეციის კომისიას ჩათვლილი აქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან საფუძვლიანი შენიშვნებია გამოთქმული. ლოგიკა, რის გამოც ეს პროექტები შემუშავდა, სამართლიანია. რაც შეეხება მისი გადაწყვეტის გზებს, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ შესაძლოა პრობლემების ასეთი გადაწყვეტა ზუსტად არ იყოს მთლიანად პროპორციული, თუმცა, პრობლემებს ისინი ხედავენ და ეთანხმებიან. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს საზოგადებას ვუთხრა, რატომ შემუშავდა ეს კანონები. პირველი, იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და არაფორმალურად ჩრდილოვანი მმართველობით არ მართოს პროცესი, არ შეუშალოს ხელი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მეორე, როდესაც პარტიები, დეპუტატები არ მონაწილეობენ პროცესში, საზოგადოებას ჰქონდა კითხვები, მაინც უნდა დააფინანსოს თუ არა მოქალაქეებმა ასეთი პარტიები. ამ ლოგიკას ეთანხმება და იზიარებს ვენეციის კომისია. გვეუბნება, რომ გადავხედოთ ნორმებს, რომლითაც ჩვენ ამ საკითხების დარეგულირება წარმოგვიდგენია. ამ პროექტებზე გავაგრძელებთ მუშაობას და ვფიქრობ, ორივე საკითხთან მიმართებით სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.