ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

დავით ქაცარავა წულუკიანზე: “მეჩვენება, რომ კომისრადაა მოვლენილი, რომელიც განსხვავებულ აზრთან დაიწყებს ბრძოლას”

მსახიობი და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა “მეტრონომთან” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნას აფასებს და საკუთარ მოლოდინებზე საუბრობს.

როგორც ქაცარავა აცხადებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ წულუკიანმა კულტურის დარგი განავითაროს, პირიქით, მისი შეფასებით, ეს სფერო “წარუმატებლობისთვისაა განწირული.”

ქაცარავას მოსაზრებით, წულუკიანი განსხვავებულ აზრთან ბრძოლას დაიწყებს და ამის დასამოწმებლად მინისტრის კომენტარი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ის განსხვავებული აზრის ძიებას დაიწყებს.

“ჩემი შთაბეჭდილება და მოლოდინი, წულუკიანის პირველი კომენტარიდან გამომდინარე, როდესაც მან იგულისხმა, რომ დაიწყებს განსხვავებული აზრის ჩაძიებას, რომელიც არ ემთხვევა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკას, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ მოსულა იმისთვის, დარგი განავითაროს. მეჩვენება, რომ ის ფაქტობრივად კომისრადაა მოვლენილი, რომელიც დაიწყებს ბრძოლას განსხვავებულ აზრთან. ასე, რომ როდესაც ერთ-ერთ მთავარ მესიჯად ამას აცხადებს უკვე, მეჩვენება რომ ეს დარგი განწირულია წარუმატებლობისთვის..

პრინციპულობას არანაირი პლიუსი არ აქვს, მე მის პრინციპულობაში რაიმე დადებითს ვერ ვხედავ ამ სამინისტროსთვის და როდესაც ის ამბობს, რომ განსხვავებულ აზრს ჩაეძიება და დაიწყებს გარკვევას. საიდან მომდინარეობს ეს განსხვავებული აზრი და ეს განცხადება გააკეთა მსახიობებზე და რეჟისორებზე, იგივე პროვოცირება მოხდება სპორტის თემაშიც ხომ,”- აცხადებს ქაცარავა.

ქაცარავა მოსალოდნელ რისკებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ წულუკიანის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სამინისტროში შემავალ დარგებს შესაძლოა დაფინანსების პრობლემებიც შეექმნათ.

ქაცარავას 2019 წლის მაგალითი მოჰყავს, როცა სამინისტრომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, მის ფედერაციას საქართველოში ტურნირის ჩასატარებლად ფინანსები არ გამოუყო.

“მე როგორც ერთ-ერთი ფედერაციის პრეზიდენტი და მეორე ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ვხედავ ძალიან დიდ რისკს. ფედერაცია სახელმწიფოსგან ფინანსდება და თუ დაინახავს რომელიმე ფედერაციის მენეჯმენტში განსხვავებულ აზრს, რომელიც აკრიტიკებს სახელმწიფო პოლიტიკას, ასევე, შესაძლებელია, მოხდეს ამ ფედერაციასთან ურთიერთობის და დაფინანსების გადახედვა. მითუმეტეს, მისი წინამორბედისგან, მე როგორც ფედერაციის პრეზიენტმა ვიწვნიე ასეთი დამოკიდებულება. გახსოვთ, 2019 წელს უნდა ჩამეტარებინა მსოფლიო და ევროპის თასი და ჩემი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ჯომარდობაში ტურნირი არ დამიფინანსა სახელმწიფომ, მხოლოდ იმიტომ რომ ვაკრიტიკებ სახელმწიფო აპარატს მისი პოლიტიკის გამო ოკუპაციასთან მიმართებაში. ასე, რომ მე ამ რისკებს ვხედავ წულუკიანის მომავალ მინისტრობასთან დაკავშირებით და პოზიტიური მოლოდინი, რომ წარმატებები გაჩნდება, ამის წინაპირობას ვერ ვხედავ,”- აცხადებს ქაცარავა “მეტრონომთან.”

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, წულულიანისთვის კულტურის სამინისტროს ჩაბარება იყოს მიზანმიმართული პოლიტიკა ამ სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ, ქაცარავა პასუხობს, რომ სავარაუდოდ, ეს არის  მიზანმიმართული პოლიტიკაა განსხვავებულ აზრთან საბრძოლველად.

“მარტო კულტურას კი არ “მიხედავს”, ის ყველგან დაიწყებს ჩაძიებას და განსხვავებული აზრის დევნას. ალბათ ეს, მიზანმიმართული პოლიტიკაა განსხვავებულ აზრთან საბრძოლველად. და ამისთვის ნიშნავენ ისეთ ადამიანს, რომელიც ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს,”- განაცხადა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, 19 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და ამიერიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....