ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კახეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ცნობილი ხდება ახალი დეტალები

ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის შესახებ ცნობილი ხდება ახალი დეტალები. დაჭრილია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადურაშვილი და მასთან მყოფი ორი ადამიანი. Imedinews-ს ადგილობრივმა გიორგი მეურმიშვილმა განუცხადა, რომ ის ბადურაშვილის ნაკვეთში მუშაობს და დილით მისმა შვილმა სამუშაოდ წაიყვანა, ჩუმლაყში შესულებს კი მალხაზ ბადურაშვილმა შვილს მომხდარის შესახებ ტელეფონით შეატყობინა.

გიორგი მეურმიშვილის თქმით, ყიტაანი-ჩუმლაყის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მისულებს „მერსედესის” მარკის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული დახვდათ, სადაც ერთი ადამიანი გარდაცვლილი, ხოლო სამი დაჭრილი იყო.

„ერთ-ერთი გაქცეული იყო და იმალებოდა, ეშინოდა. მეორე დავინახე, მძიმედ იყო მხარში დაჭრილი. სავარაუდოდ, ეს შემთხვევა სხვა ტერიტორიაზე მოხდა და ისინი სროლის შემდეგ გაქცევას ცდილობდნენ. როგორც დარაჯმა მომიყვა, მისი ტელეფონით ერთ-ერთმა დაჭრილმა მომხდარის შესახებ პოლიციასა და სასწრაფოს აცნობა”, – ამბობს მეურმიშვილი.

ცნობისათვის, მკვლელობა დილით სოფელ ჩუმლაყში მოხდა. დაჭრილია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადურაშვილი და მასთან მყოფი ორი ადამიანი. დაჭრილებს სამედიცინო დახმარება გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში უკვე აღმოუჩინეს. დაჭრილები კლინიკაში ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

იტვირთბა....