ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი

კონიჩიუა, ნობუიოში!

araki-happy-photos

იაპონელი ნობუიოში არაკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, საკმაოდ მოცულობითი პორტფოლიოს მქონე ფოტოგრაფია. პოპულარობის მომტანი მისთვის ძირითადად ეროტიკისა და პორნოგრაფიის ზღვარზე მყოფი ფოტოები გახდა. იაპონიში მის გამოფენებს ხშირად ხურავენ, ნამუშევრების კონფესკაციას ახდენენ და ფოტოგრაფს აჯარიმებენ კიდეც, თუმცა ეს ყველაფერი ნობუიოში არაკის ოდნავადაც არ აფერხებს და მის პოპულარობას როგორც იაპონიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მხოლოდ და მხოლოდ ზრდის.

ნობუიოში არაკი 1940 წელს ტოკიოში დაიბადა. პირველი კამერა მას პროფესიით ასევე ფოტოგრაფმა მამამ 12 წლის ასაკში აჩუქა. უნივერსიტეტში ნობუიოში ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფის ხელოვნებას სწავლობდა, შემდეგ კი ფოტოგრაფად სარეკლამო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, სადაც თავის მომავალ ცოლს, იოკო აოკის შეხვდა. 1971 წელს ახალდაქორწინებულები სამოგზაუროდ წავიდნენ, – ამ დროს ნობუიოში არაკიმ პირველად გაუგო გემო ეროტიკულ ფოტოგრაფიას. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ კი გამოსცა წიგნი ,,სენტიმენტალური მოგზაურობა’’.

მიუხედავად ეპატაჟურობისა, ნობუიოში არაკის სტილი ედოს ეპოქის ეროტიკული ჟანრის, უკიოოს ფუძედ გამხდარი, კლასიკური იაპონური ტრადიციის – სიუნგას გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, – მის ფოტოებზე ძირითადად ქალები, ბავშვები და ყვავილებია ასახული. ერთი შეხედვით, გამოუცდელი თვალი ამ ყველაფერს აღიქვამს, როგორც პორნოგრაფიას, თუმცა არაკის მიერ სხეულის ფორმების ლამის პედანტური, სკრუპულოზური გამოკვლევა და მისი შარმის მაქსიმალურად ხაზგასმა, ყოველგვარ პათეტიკურ ხელოვნურობას და პორნო-ჟურნალების ესთეტიკას სცდება და ერთგვარ ეროტიკულ კათარზისს ქმნის. ნობუიოში არაკის ფოტოებში სხეულს ყველანაირი ტაბუ აქვს მოხსნილი, ის თავისუფალია და ფორებით ბოლომდე იწოვს იაპონურ ტრადიციებს, მითებსა თუ ნაციონალურ კომპლექსებს.

ბოლო ოცწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ,,არაკომანია’’ ჩამოყალიბდა: ბოლოს და ბოლოს, უკვე საკმაოდ მობერებული, მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ მსოფლმხედველობაზე მყარად მდგომი ნობუიოში არაკის შეხედულებები, ფართო მასების შეხედულებებს დაემთხვა. ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის მისი პირადი ცხოვრების შესახებ და ეს ხდება არა იმიტომ, რომ არაკი არ მალავს დეტალებს, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებას ჭეშმარიტად აინტერესებს მისი პერსონა. იგი კიბოთი მომაკვდავ მეუღლეს ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი მოძრავი გამოფენა მოაწყო. ცოლის სიკვდილის მერე ის არავისზე დაქორწინებულა.

დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ კითხულობ ფოტოებს: მარჯვნიდან-მარცხნივ, მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან-ქვემოთ, ქვემოდან-ზემოთ. როგორც პავიჩის რომანებში, ნობუიოში არაკის ფოტოებშიც მიმართულებაზეა დამოკიდებული სიუჟეტის განვითარება, შეგრძნებები და ფინალი. თუმცა, როგორი მიმართულებითაც არ უნდა იკითხო, სიუჟეტის შუაში აუცილებლად გაქრება კაცი და ქალი მარტო რჩება.

ისტორია ყოველთვის მთავრდება.

ლაშა მილორავა

იტვირთბა....