დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ ვისაც კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი, მათთვის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია.
მისი თქმით, ასეთ კვლევებს წინასწარ არავინ ატარებს და ასეთ პაციენტებს ვაქცინის გაკეთებას ვერავინ დაუშლის.
„ამას არავინ დაუშლის. ანტისხეული თუ აქვს და აქვს კორონავირუსი ე.წ. უსიმპტომოდ გადატანილი, ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ამ ტიპის მასობრივი ვაქცინაციების კამპანიების დროს, როცა ათასობით ადამიანი იცრება, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კვლევებს წინასწარ არავინ აწარმოებს. როგორც გითხარით, ვინმეს რომც ჰქონდეს ანტისხეულები, ეს ვაქცინაციის არავითარი წინააღმდეგ ჩვენება არაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ვაქცინით თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი უნდა აცრილიყო. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ასევე, თენგიზ ცერცვაძის თქმით შესაძლოა ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს.