ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯიმ რიში: “თუ საქართველოში პროგრესი არ გამოჩნდა, ფინანსური მხარდაჭერა ასე ვერ გაგრძელდება”

” ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც.  ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება,” – ამის შესახებ  რესპუბლიკელმა სენატორმა, საგარეო კომიტეტიდან, ჯიმ რიშმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც რესპუბლიკელი სენატორი აცხადებს, “ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ.”

“თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა [სქართველოსთვის დახმარების მიცემისთვის შესაძლო პირობების დაწესებაზე] დავსვი, ცხადია იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემაზე ვფიქრობ. აქ ბევრ ჩვენგანს ძალიან, ძალიან სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს”. – განაცხადა ჯიმ რიშიმ

შეგახსენებთ, გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.

გამართულ მოსმენაზე სენატორები შეთანხმდნენ, რომ იმსჯელებენ შესაძლო რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს შეეხება.

იტვირთბა....