“ყველა უნდა გამოვიდეს თავისი მოკლევადიანი ინტერესებიდან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე იფიქროს,” – აღნიშნული განცხადება „ქართულო ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა, კახა კუჭავამ გააკეთა.
კუჭავას განმარტებით, ამერიკელი კოლეგები ელოდებიან, რომ მოლაპარაკებები ძალიან წარმატებით გაგრძელდება და ყველა მხარე შეეცდება, კომპრომისული ნაბიჯი გადადგას.
“ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია ყველას მხრიდან, რაც ალბათ, ყველამ უნდა გავიგოთ. როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკებებში და ეს უკვე კომპრომისია, ეს ვერ იქნება კომპრომისი და არც არის კომპრომისი. საუბარია კომპრომისზე ყველა პარტიის მხრიდან. რა თქმა უნდა, როგორც მმართველი პარტია, ასევე სხვა პარტიებიც, არა მხოლოდ დიდი, არამედ პატარა პარტიებიც, ყველა უნდა გამოვიდეს თავისი მოკლევადიანი ინტერესებიდან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე იფიქროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ისინი ელოდებიან, რომ მოლაპარაკებები ძალიან წარმატებით გაგრძელდება. ყველა მხარე შეეცდება, კომპრომისული ნაბიჯი გადადგას. შესაბამისად, შედგეს შეთანხმება, რომლითაც საქართველო, როგორც რეგიონალური ლიდერი და მაგალითი დემოკრატიისთვის, პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს“, – განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.