დედაქალაქის მერი, კახი კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მედიასაშუალებებისა და მოქალაქეების ნაწილი მეწყერთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.
კალაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.
“მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეწყერს. სამწუხაროდ, აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და მიზანმიმართულად ხდება პანიკის დათესვა, რაც ცუდია. მინდა მოვუწოდო მედიასაშუალებებს, თავის შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებიდან.
ეს არ ეხება მხოლოდახმოლოდ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას, სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს კიდევ მეწყრული ადგილები, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნებულია და მითითებულია ამასთან დაკავშირებით. არ იყო სწორი და არ არის სწორი ინფორმაცია, რასაც ავრცელებენ კონკრეტული მედიასაშუალებები,“ – აცხადებს კალაძე.
თბილისის მერი დასძენს, რომ მერიამ საფრთხის გაჩენისთანავე ორმხრივად ჩაკეტა მაჭავარიანის ქუჩა და შექმნა სახელმწიფო სფეროდან ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი.
„მე ვიცი, რომ არის გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ზოგადად მეწყრულ ადგილებს სწავლობს და ბევრი ინფორმაცია აქვს, შესაბამისად, მინდა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს დამიანები ჩართოს ამ სამუშაოში. ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან და ერთობლივი ძალებით მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა.
მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, სამუშაო ჯგუფი განაგრძობს ამ სამუშაოებს, ჩვენ მიერ მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომებთან გადადგმული ნაბიჯი, რომ მოძრაობა ჩაიკეტა ორმხრივად, სამუშაოები შეჩერებულია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, ეს არის უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილებები იქ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით,“ — თქვა კალაძემ.