ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან რატიანი: “ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ მეგი ბაქრაძეზე ისაუბრა.

რატიანის თქმით, როდესაც 27 წლის ექთანი გასინჯა, ფიქრობდა, რომ მის გადარჩენას შეძლებდა, თუმცა აქვე დასძენს, რომ “ეს იყო სამბალიანი კომა”.

ასევე, როგორც ექიმმა “რუსთავი 2”-თან აღნიშნა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანისთანავე მეგი ბაქრაძის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

“როდესაც ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს ჩვენთან, ის იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ეს სავარაუდოდ გამოიწვია აცრის შემდგომმა ანაფილაქსიურმა რეაქციამ, რომელიც მივიდა გულის გაჩერებამდე. გულის გაჩერება დაფიქსირდა აღნიშნულ კლინიკაში (ახალციხეში), მოხდა წარმატებული რეანიმაცია, თუ შეიძლება მას წარმატებული ეწოდოს. პაციენტი ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. როდესაც შემოვიდა ჩვენთან მდგომარეობა იყო მძიმე, სუნთქვა იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტვილაციაზე, წნევა მკვეთრად არასტაბილური, საჭიროებდა მეგადოზებით ჰერმოდინამიკის შენარჩუნებას. ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე, ეს იყო სამბალიანი კომა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა” – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.

მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....