ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანა დოლიძე გენერალურ პროკურორს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთოვნით მიმართავს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს საქმეზე დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა. აღნიშნული გადაწყვეტილება დოლიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც მედიაში ინტერვიუ გავრცელდა, სადაც  შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომელი ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში ფარული მიყურადების აპარატურის დამონტაჟებაზე საუბრობდა.

ანა დოლიძე გენერალურ პროკურორს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს. მისივე განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით აუცილებელია მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა და იმის გარკვევა, მართლა არსებობს თუ არა რაიმე სახის ჩანაწერები.

ამასთან, როგორც ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირდება.

“ჩვენ „ქართული ოცნების“ პირობებში პირველად გვაქვს სახეზე ჩვენება, რომლის მიხედვითაც არის ინფორმაცია, რომ ხელისუფლება აწარმოებს ფართომასშტაბიან მიყურადების, თვალთვალს და პოტენციურად შანტაჟს საჯარო პირებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსებისა. პირველად სახეზეა არა ჭორი და სპეკულაცია, არამედ პირველწყარო, რომელიც დღეს პატიმრობაშია, ამ საქმეზე ობიექტური გამოძიება უმნიშვნელოვანესია.

საქმესთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვის ნიშნები. რაც მთავარია, არ ეგონოს პროკურატურას, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი, ფორმალური გამოძიება, რომლითაც ის ჩააწყნარებს სკანდალს. ბატონი საბანაძე გადადგა თანამდებობიდან, ის უნდა დაიკითხოს, ის შესაძლებელია, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე. ასევე, უნდა დაიკითხონ ჩვენი პრემიერ-მინისტრები. ნუ ეგონება რომელიმეს, რომ დაუძვრება ამ პასუხისმგებლობას.

ისინი ამ საქმეზე იქნებიან მოწმეები, რადგან საბანაძეზე ეს თემა არ ჩერდება. ბუნებრივია, ამ ტიპის სისტემაში აღმასრულებელი ჩვენ არ გვაინტერესებს. მნიშვნელოვანია, ვინ აკეთებს დაკვეთებს მსგავს ჩაწერაზე. როგორ მუშაობს და ვის წინააღმდეგ ეს სისტემა. ჩვენ ვნახეთ მამაკაცების წინააღმდეგაც მსგავსი შანტაჟის მცდელობა, მათ შორის გვარამიას წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ეს არის ფართომასშტაბიანი სისტემა, რომელიც მუშაობს ყველა სერიოზულ, საფრთხის შემცველ ოპონენტზე. გულაშვილმა თქვა, რომ მას ჰქონდა ათასი ფაილი და დამასახელა მე. თუ ეს ჩვენება მართალია, ათასი ფაილი ძალაშია და არიან სხვა ადამიანებიც, ამიტომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური სოლიდარობა ამ თემაზე არის უმნიშვნელოვანესი.

ჩემი წამოწევა ამ შემთხვევაში მოხდა, რადგანაც, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე, წარმოვადგენ საფრთხეს და არც ერთი დიდი ძალის ინტერესში არ არის ის, რომ გამოჩნდეს ასეთი დამოუკიდებელი და სუფთა პოლიტიკური ძალა. ასეთ პროვოკაციას ისედაც ველოდი. გამოძიება ალბათ წავა საიდუმლო მუხლით და ეს სწორია, თუმცა მნიშვნელოვანია, დაიკითხონ მაღალჩინოსნები, რომ გავიგოთ მთელი ვერტიკალი, რამდენად და რა დონეზე არიან საქმის კურსში როდესაც მიდის ასეთი პროცესები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იტვირთბა....