ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ელის ქვეყანას მესამე ტალღის შემთხვევაში – კულუმბეგოვის განმარტება

“მესამე ტალღა არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც ერთხელ უკვე გვქონდა,“ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

ამასთან, ალერგოლოგმა დღევანდელი ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ, ხელისუფლებას კი, აღსრულების მექანიზმების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

“ახლა მნიშვნელოვანია, მთავარი აქცენტი გაკეთდეს არსებული შეზღუდვების დაცვაზე და აღსრულების მექანიზმებზე. ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს კონტროლი და მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ მოქალაქეების თვითშეგნება.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ იქ, სადაც მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი იყენებს პირბადეს, ვირუსი აღარ ვრცელდება.

მესამე ტალღა შესაძლოა იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ ზომამდე, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა გასცდება 1000-ს და 2000-ს. ასეთ შემთხვევაში საავადმყოფოები კვლავ გადაიტვირთება და ბუნებრივად, დღის წესრიგში დადგება დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ანუ ის, რაც ერთხელ უკვე გამოვიარეთ შემოდგომით.

დამაიმედებელი არის ის, რომ ეს პროცესი ახლა ემთხვევა თბილ ამინდებს, სადაც მაღალია ბუნებრივი ვენტილაციის წილი და ვვარაუდობ, რომ მესამე ტალღა არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც ერთხელ უკვე გვქონდა,“ – განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....