ევროკომისია სავარაუდოდ მომავალ კვირაში განიხილავს ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ევროკომისია, სავარაუდოდ, არა 15 დეკემბერს, არამედ მომავალ კვირაში წარმოადგენს ანგარიშს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის საქართველოსა და უკრაინის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ. აქამდე ევროკომისიის დასკვნას 15 დეკემბრისთვის მოელოდნენ.
როგორც ირკვევა, გადადება უკრაინის გამო მოხდა. საქართველოს შესახებ დასკვნა მართლაც მთლიანად პოზიტიურია, მაგრამ საქართველოსთან ერთად ანგარიში უკრაინასაც ეხება და ტექსტის გამოქვეყნება ყოვნდება სწორედ უკრაინასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო.
შეგახსენებთ, ევროკომისიის დასკვნა წინასწარი შეფასებით დადებითია და დიდი ალბათობით ევროკავშირის ქვეყნები დათანხმდებიან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას.