ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტის დამტკიცება 2016 წლისთვის გადაიდო.
„არ უნდა დავტოვოთ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ის, რაც შსს-ს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეექმნება არცერთ იმ ადამიანს, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილით სარგებლობს.
ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოწესრიგდეს საგზაო მოძრაობა და ეს მოწესრიგება იყოს არა შოკის მომგვრელი, არა რაიმეს აკრძალვები, არამედ, დროში გაწელილი იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე, ძალიან ბევრი წლის წინ ეს საკითხი არ მოგვარდა და ახლა გვიწევს ამ თემებზე საუბარი.
კომიტეტებს, რომლებიც შეირჩა, მინდა ვთხოვო, რომ განსაკუთრებით მიიღონ ზომები, რათა ამ საკითხის განხილვისას ვუზრუნველყოთ საჯაროობაც, ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობაც, რაც შეიძლება კარგად განვმარტოთ რა ნოვაციები შემოდის, რა იქნება სიახლე, ვისთვის რა იცვლება.
კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, მათთვის რა იცვლება და პირველ რიგში ავუხსნათ ის, რომ ვისაც უკვე ჰყავს ასეთი ავტომობილი, მათ რაიმე პრობლემები არ შეექმნებათ. არის სხვა თემებიც ამ კანონპროექტში, რომელსაც სჭირდება კარგი შესწავლა. დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც იქნება ყოველმხრივ დასაბუთებული და გააზრებული ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დეტალურად განიხილავს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას 2016 წლის 1 მარტიდან ითვალისწინებს, ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა.