მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ თავად არსად წასვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან მიდის, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” აფასებს. მისი თქმით, ექსპრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთან ერთად გადაწყვეტს იგი ალიანსში შესვლას.
“არსებულ პოლიტიკურ ძალებთან გაწევრიანებით მესამე ძალა აღარ იქნება. თუ გახარიას მესამე ძალის შექმნა სურს, უნდა ითამაშოს ინდივიდუალური თამაში. მას ჯერჯერობით საკმაოდ სერიოზული რეიტინგი აქვს იმისათვის, რომ მოახერხოს პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა კონტიგენტს დაეყრდნობა და ვინ იქნება მის გუნდში.
რაც შეეხება კალაძესთან თანამშრომლობას, ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, რომ ერთი პარტიის მდივანი გადავიდეს მეორე პარტიაში. ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, კალაძეს და გახარიას ერთად ვერ აღვიქვამ. მაშინ უნდა დაიშალოს “ქართული ოცნება.” მესამე ძალაში იგულისხმება, რომ ის არც “ოცნებასთან” დგას და არც “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს იზიარებს. ესეიგი არის სხვა პოლიტიკური ორიენტაციის, პოლიტიკური ღირებულების პარტია.
მისი პოლიტიკური ბაზიდან გამომდინარე, რაც დღეს გახარიას აქვს, მისთვის წამგებიანი იქნება ნებისმიერ წვრილ პარტიასთან ალიანსი. ყური მოვკარი ახსენებდნენ გიორგი ვაშაძის გვარს, მასთან ალიანსს არ მივიჩნევ სერიოზულად. თუმცა, ის, რომ გიორგი ვაშაძე შევიდეს იმ პარტიაში, ეს დასაშვებიან”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “მეტრონომთან.”
ცნობისათვის, დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
ავტორი: თამარ შუკვანი