თეიმურაზ პაპასკირი – იქ ვერავინ გაბედავს თქმას, ავიღოთ ქართული პასპორტი, რომ ევროპაში წავიდეთო…
საქართველო მალე უვიზო მიმოსვლას აამოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებთან. ვიზალიბერალიზაციის გეგმის ტექნიკური მხარე როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გვარწმუნებს, შესრულებულია. ახლა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უცხოური მედია უკვე წერს, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის სახელმწიფოებთან მალე შეძლებს.
ოპტიმიზმის საფუძველს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დიპლომატიური განცხადებაც იძლევა. „უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა ამ ეტაპზე სკეპტიციზმის საფუძველს არ იძლევა“. – ამბობს გერმანიის პირველი დიპლომატი.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის. რა გავლენას მოახდენს ვიზალიბერალიზაციის საკითხი აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე. სურთ, ან იციან ოკუპირებულ რეგიონში იმ უპირატესობების შესახებ რაც უვიზოდ მიმოსვლას ახლავს. „მეტრონომი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.
„აფხაზებისთვის სულ ერთი არ არის ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი და დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საქართველოში. აფხაზებისთვის საინტერესოა, რა სიკეთეებს მოიტანს ეს პროცესი თითოეული მოქალაქისთვის. როცა ვიზალიბერალიზაცია ჩვენთან იქნება ამოქმედებული, აფხაზებმა იციან, რომ ისინი შეძლებენ ევროპასთან ახლო ურთიერთობას. პირველ ეტაპზე შეიძლება თავქუდმოგლეჯილი თბილისისკენ არ წამოვიდნენ, მაგრამ დრო მოიტანს იმას, რომ აფხაზების ინტეგრაცია ევროპასთან მათი იდენტურობის გათვალისწინებით მოხდება“.
ყოლბაიას განცახებით, აფხაზეთის ე.წ მთავრობა ჟენევაში მუდმივად სვამს საკითხს, ვითომ, მათ ეზღუდებათ წვდომა, რომ განათლება მიიღო ევროპაში. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი აფხაზი სტუდენტი სწავლობს დასავლეთში და ეს ყურით მოთრეული თემაა.
ჩვენ დავინტერესდით, აფხაზეთის რიგითი მოქალაქეები თუ გადაწყვეტენ ქართული პასპორტის აღებას რა სახის პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ ისინი ე.წ „ცენტრალურ მთავრობის“ მხრიდან.
„არაფერი. ეს აბსოლუტურად მექანიკური საკითხებია. ნახევარ დღეში შეიძლება ამ საკითხების მოგვარება და მეორე ნახევარში უკვე სრულყოფილად მომზადებული იქნება ეს დოკუმენტები“ – ასეთი განცხადება გააკეთა “მეტრონომთან” ყოლბაიამ.
რაც შეეხება ე.წ მეორე მხარეს და აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობის მიერ შესაძლო ზომებს, რომელიც მოჰყვება ქართული პასპორტის აღებას, ყოლბაია გამორიცხავს, რომ ამას აფხაზეთის მთავრობა დიდი ენთუაზიაზმით შეხვდებიან, მეტიც, ბევრი მათგანი აფხაზეთის „ხელისუფლებაში“ არც ვიზალიბერალიზაციის საკითხს უყურებს დადებითად.
ყოლბაიას თქმით, აფხაზეთის ავტონომიურ მთავრობას გარკვეული საინფორმაციო პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და მის სარგებლიანობაზე აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებისთვის არ აქვს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მათ შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
„საინფორმაციო კამპანია სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არ ვაწარმოებთ, თუმცა ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან: სოციალური ქსელები, ინტერნეტი, პრესა და სხვა საშუალებებიდან მათ შესანიშნავად იციან რას წარმოადგენს ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია“.
„მეტრონომს“ ამ საკითხზე ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასქირიც ესაუბრა. პაპასქირი სკეპტიკურად უყურებს აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებასა და ქართულ პასპორტებზე მოთხოვნის ზრდას, ვიზალიბერალიზაციის ხარჯზე.
„რეალურად დიდ გავლენას აფხაზეთთან ურთიერთობაზე ვიზალიბერალიზაციის პროცესი არ მოახდენს, თუმცა, საერთო ჯამში, ეს დიდი პლიუსი იქნება, რადგან ევროპაში პირდაპირი გასასვლელი ვიზების გარეშე მაინც მნიშვნელოვანია. ვერავინ გაბედავს აფხაზეთში იმის თქმას, რომ ავიღოთ ქართული პასპორტი იმიტომ რომ ევროპაში შეგვეძლება უვიზოდ წასვლა, იქ ამას ვერავინ გაბედავს“.
იმოქმედებს თუ არა ვიზალიბერალიზაციის საკითხი აფხაზეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე ჯერჯერობით გაურკვეველია და ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რომ საქართველოზე დადებითან იმოქმედებს ეს ფაქტია. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ როდის მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
მარიამ ვარადაშვილი