პოლიტიოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებაზე “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ კახი კალაძეს, გიორგი გახარიას და გიორგი კვირიკაშვილს, შეუძლიათ სერიოზული მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა.
“კარგია, რომ გახარია პოლიტიკიდან არ აპირებს წასვლას, მე მგონია, ვისაც გარკვეული პოლიტიკური წონა აქვს, არ უნდა მიდიოდეს პოლიტიკიდან. მას ჰყავს გუნდი, რომელთანაც ის თანამშრომლობდა. ეს ის გუნდია, რომელიც მას ორგანიზაციაში და მსგავს საქმიანობაში მოეხმარება, ვინც მასთან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა, მაგრამ ეს გუნდი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზული პოლიტიკური ძალა გახდეს.
მგონია, რომ თეორიულად, არსებობს სერიოზული მესამე ძალის შექმნის შესაძლებლობა. გახარიას პოლიტიკური კაპიტალი ამისთვის საკმარისი არ იქნება და არც ფინანსები. თუ გახარია კალაძე და კვირიკაშვილი შეძლებენ ერთად ჩამოაყალიბონ პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს იქნება სერიოზული პოლიტიკური მესამე ძალა. სწორი ტაქტიკით და იდეოლოგიით.
მე ვფიქრობ, ასეთ ტრიუმვირატს აბსოლუტურად არაფერში არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილი. ეს იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც დაფუძნდება ამ სამი პიროვნების პოლიტიკური ძალის გაერთიანებით. ასეთ შემთხვევაში, მათ ივანიშვილი არაფერში არ სჭირდებათ,”-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა “არც პოლიტიკიდან და არც ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ”.
წყარო: “რუსთავი 2”