27 წლის ექთნის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა, რის გამოც, გარკვეული მედიკამენტი მიიღო. ახლობლები ექსპერტიზის დასკვნამდე ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
„ჩივილები ჰქონია, რაღაც წამალი მიუღია, რადგან თავის ტკივილი ჰქონია წინა დღით. მეორე დღეს წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა. ახლა ვადგენთ, რატომ მიიღო ეს მედიკამენტი, ვინ მისცა. ხელს ვერავის დავადებთ, თუმცა, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ეს მედიკამენტები საავადმყოფოში მისცეს“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.
გარდაცვლილი ექთნის მეზობლები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაციის პროცესში შეცდომები დაუშვეს და დროული რეაგირება არც შემდეგ მოხდა.
„არასწორად მოხდა აცრა, ან ვაქცინა არასწორად იყო შენახული ან ნემსი დაუდევრობით გააკეთეს. შეიძლება ექიმი ინფორმირებული არ იყო და გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ალბათ, არ იყვნენ გადამზადებულები და მომზადებულები ვაქცინაციისთვის, რის გამოც ვერც ვაქცინაცია ჩაატარეს და ვერც დახმარება გაუწიეს. უნდა გაეკეთებინათ სინჯი, ალერგიული იყო თუ არა“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,”იმედში”, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. 27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.