“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეში ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ნამდვილად იყო და მისი დამნაშავედ ცნობა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა.
“ის არ დასჯილა და არ ყოფილა კანონის ინტერესის საგანი იმის გამო, რომ ის პარტიის წევრი იყო. “რესპუბლიკელობა” აქ არაფერ შუაშია. თუკი გარკვეული მტკიცებულებები არსებობს, პროკურატურამ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს”, – განუმარტა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა. მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია” ბოჭორიშვილს პოლიტიკურ პატიმრად ვერ მიიჩნევდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, ნუგზარ ბოჭორიშვილი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო, როცა მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა.
“ნუგზარ ბოჭორიშვილი იმ ეტაპზე და იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო. ეს ცნობა და ეს დოკუმენტი არსებობდა. ეს საქმეშიც დევს, რაც თავად “რესპუბლიკურმა პარტიამ” გასცა და მას ჰქონდა მოთხოვნა, როგორც პარტიის წევრს, რომ მისი საქმე კომისიაზე განხილულიყო. საქმის განხილვა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანის გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა. პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ამ ხალხის საქმე არ მოხვედრილა”, – აცხადებს მანანა კობახიძე.