ახალციხის კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგი, გიორგი აფციაური “კურიერთან” საუბრისას გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს.
როგორც რეანიმატოლოგი ამბობს, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა შესრულდა. ტრაგედიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.
“იმ მომენტში ნამდვილად არ ვიყავი ადგილზე. გასული ვიყავი კლინიკიდან. პროტოკოლი არც ითვალისწინებს, რომ რეანიმატოლოგი ესწრებოდეს აცრებს. ვაპირებდი შეხვედრაზე მისვლას გუბერნიაში, თუმცა არის ისეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ თითქოს უკვე შესული ვიყავი, ვესწრებოდი შეხვედრას. მე მანქანა არც გამიჩერებია, მისულიც არ ვიყავი, ისე მოვატრიალე მანქანა, როგორც კი ზარი შემოვიდა, წამოვედი ეგრევე. ჩემს აქ მოსვლას დაახლოებით დასჭირდა 2 წუთი. მოსვლის შემდეგ იყო კრიტიკული მდგომარეობა,” – განაცხადა გიორგი აფციაურმა.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.
მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.