“ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს არსებობასა და ცხოვრებას”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც ალერგოლოგმა აღნიშნა, ჩანს, რომ ეს ინფექცია, ჯერჯერობით, უკან დახევას არ აპირებს, ის აგრძელებს ამ ტალღებს მსოფლიოში და საქართველოშიც იქნება შემდგომი ტალღა, მაგრამ როდის – ეს რთული სათქმელია.
ამასთან, კულუმბეგოვის განმარტებით, ადამიანმა თავად უნდა მიიღოს აცრის შეგნებული გადაწყვეტილება.
“ჩვენ მათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა დავეხმაროთ. ყოველდღიურად, კორონავირუსით, საშუალოდ, 10 ადმიანს ვკარგავთ, ანუ თვეში სამას ადამიანს, ჯამურად კი 3 700-მდე ადამიანი დავკარგეთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, თუ რაიმე პრობლემა აქვთ სამედიცინო თვალსაზრისით, გაიარონ კონსულტაცია საკუთარ ექიმთან, თუ ალერგიულები არიან და შეაფასონ ალერგოლოგთან რისკი. პრიორიტეტულ ჯგუფებში, ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს: ზოგადად, არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც ალერგიული რეაქცია არ ახლავს, მით უმეტეს – საინექციო პრეპარატი“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.