ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ განსაკუთრებული გრძნობებით აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც პრემიერი მიმართვაში ამბობს, მმართველმა გუნდმა არაერთი ნაბიჯი გადადგა დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშესაწყობად, თუმცა ღარიბაშვილი ამავე პოსტში დასძენს, რომ დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად ჯერ კიდევ ბევრი ღონისძიება გასატარებელი.

“დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენც განსაკუთრებული გრძნობებით აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.

ჩვენმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებებით არაერთი ნაბიჯი გადადგა დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშესაწყობად, თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად.

და მაინც, ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვმართებს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიგმებისა და მცდარი შეხედულებების დასაძლევად, და ამავდროულად, დაუნის სინდრომის მქონე ჩვენს მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად, მათი მეტი ჩართულობისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ჩვენ ვქმნით თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას, განურჩევლად ნებისმიერი განსხვავებისა, ერთნაირად აქვს გზა ხსნილი საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროებში მონაწილეობისთვის; სადაც ყველას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ იშრომოს და ღირსეულად იცხოვროს ახლობლების გარემოცვაში. სადაც ჩვენ ვითვლით არა ქრომოსომებს, არამედ – ერთმანეთისთვის გაწეულ შრომას და ერთად მიღწეულ მიზნებს.” – წერს პრემიერმინისტრი “ფეისბუქის” გვერდზე.

იტვირთბა....