საინჟინრო ჯგუფმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროცესში, გზის მიმდებარე ფერდობზე გამოავლინა გარკვეული ეროზიული პროცესები.
მიწის ეროზიული ადგილები დაუყოვნებლივ შეისწავლეს შესაბამისმა სპეციალისტებმა, გზაზე კი განთავსდა აუცილებელი უსაფრთხოების პარაპეტები და საგზაო ნიშნები.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით, სამუშაოების მწარმოებელი და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია დარგის სპეციალისტებთან ერთად აწარმოებენ დაზიანებული უბნების მუდმივ მონიტორინგს. მონიტორინგის დასრულებისთანავე, სამშენებლო კომპანია გაწმენდს ტერიტორია მიწის ნაშალისგან.
„მინდა გითხრათ, რომ შემხებლობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ეროზიებთან არ აქვს. თუმცა, ცხადია, გზაზე გავლენას ახდენს, შესაბამისად, როგორც კი ჩვენ ეს პროცესი შევნიშნეთ, უსაფრთხოების მიზნით, გზაზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები და შემოიფარგლა ეროზიული ადგილები. ახლა მიმდინარეობს დაკვირვება ამ პროცესებზე, შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა ღონისძიებით და რა ჩარევით მოხდეს ამ პროცესების ლიკვიდაცია.“ – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს, დასრულების ეტაპზეა.
ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე დასრულდა 21 კოლომეტრიანი გზის საფარის დაგება და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12 მილიონი ლარია.