პარტია “ევროპული საქართველო” დიასპორის კომიტეტის ბაზაზე, პარლამენტის მიერ ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭოს შექმნას ეხმიანება.
პარტიაში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება და არასწორიია, ვინაიდან ამ ნაბიჯით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უთანასწორო პოზიციაში აღმოშნდებიან.
პარტიაში განმარტავენ, საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ იქნება დიასპორა, ვინაიდან ეს ტერმინი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფის აღსაწერად გამოიყენება.
“ეს ნაბიჯები საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებს უთანასწორო პოზიციაში აყენებს.
ტერმინი დიასპორა ადგილობრივ კონტექსტში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფის აღსაწერად გამოიყენება. საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ იქნება დიასპორა, რადგან თითოეული მათგანი, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.
შესაბამისად, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, გამრუდებული წარმოდგენის პროდუქტია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანასწორად არ განიხილავს.
ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მფარველობს, აძლიერებს და ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს აღვივებს. სწორედ ეს კონტექსტი ხდის შემაშფოთებელს ამგვარი კომისიის შექმნას დიასპორის კომიტეტის ბაზაზე”. – აცხადებს ევროპული საქართველო.
ამასთან, როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, არასწორი ნაბიჯია ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის უარის თქმა, ერთი დღით მოეხსნათ ე.წ. კომენდანტის საათი, რათა აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული.
პარტიას მაგალითისთვის ფეხბურთის მატჩი მოჰყავს, სადაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისის სახით თამაშს მაყურებელიც დაესწრება.
“ხელისუფლების ამ არასწორი დამოკიდებულების ნაწილია ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის უარის თქმა, ღირსეულად აღნიშნონ ნოვრუზის დღესასწაული და 1 დღით მაინც მოხსნან კომენდანტის საათი.
ამისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების დროებით მოხსნა იყო საჭირო, რაც ხელისუფლებამ უმრავლესობაში მყოფი რელიგიური ჯგუფისთვის უკვე გააკეთა. თუმცა, იმავეს გაკეთება უმცირესობისთვის არ ისურვა. ხელისუფლება ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველებს გადაადგილების უფლებას აძლევს, ხოლო იმავეს გაკეთება არ უნდა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც 21 მარტს ზეიმობენ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება.
ქართული ოცნების ეს პოლიტიკა ერთი მხრივ სამოქალაქო უფლებებს ლახავს, არღვევს სამოქალაქო მშვიდობას, ახალისებს ძალადობრივ სიძულვილის ჯგუფებს, მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციების მოსაწყობად ხელსაყრელ ნიადაგს უქმნის”. – აცხადებს პარტია.
21 მარტს ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება. იგი გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია. 2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.