ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს-პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო ფრენები 28 მარტიდან განახლდება

28 მარტიდან, საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, პოლონური ავიაკომპანია „LOT Polish Airlines“-ი ვარშავა – თბილისი – ვარშავას მიმართულებით ავიარეისებს კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს.

ამასთან, მიმდინარე წლის 31 მაისიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ფრენის სიხშირის ზრდას გეგმავს. კერძოდ, LOT Polish Airlines-ის ინფორმაციით, ვარშავა – თბილისი – ვარშავას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები კვირაში ხუთჯერ განხორციელდება.

სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა უკვე მიენიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....