“უამრავი სპონტანური აქცია შეიძლება იყოს იქამდე, მათ შორის, თბილისშიც არ არის გამორიცხული. მაგრამ, შემაჯამებელი აქცია იქნება 15 მაისს თბილისში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკერიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, “ევროპული საქართველო” უერთდება 15 მაისის ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, “მაგრამ იქამდე არანაკლებ მნიშვნელოვანია “ევროპული საქართველოსთვის” და ყველა პოლიტიკური ძალისთვის რეგიონებში შეხვედრები და აქციები.
“ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ივანიშვილის რეჟიმი არ ექვემდებარება ამ გაგებას იმ ვითარების და არ ექვემდებარება ჯერ ზეწოლას საკუთარი საზოგადოების და თავისუფალი სამყაროს. არ აქვს შეგნებული, რომ ამ ვითარების შენარჩუნება, როცა უზურპირებული ძალაუფლება, მოპარული არჩევნებით, პოლიტიკური რეპრესიებით, პოლიტიკური პატიმრებით, რომლებიც ციხეში არიან, და საქართველოს სტრატეგიული კურსის ეროზიით თავისუფალი სამყაროსკენ, რომელიც უნდა მიდიოდეს, და რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვერ წავა ამ მიმართულებით იმიტომ, რომ მისთვის მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და ეს ფასი არის ძალიან მძიმე ფასი ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, უსაფრთხოებაში.
ამიტომ, ჩვენი ეროვნული ამოცანაა ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და შემდეგ ამ ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ეს საშიში ძალა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან და ევროპული საქართველო ამის აქტიური მონაწილე იქნება ამ პროცესის ყველა ეტაპზე, ისევე, როგორც ეს აქამდე იყო. და ბუნებრივია, იქამდე ყველა აქციაზე, იმ მოქალაქეებს, ვისაც ესმის, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმ დოზით, ვისაც როგორ შეუძლია, პროტესტის გამოთქვა მშვიდობიანად, ვეპატიჟებით და მოვუწოდებთ, რომ მიიღოს მონაწილეობა ყველა მშვიდობიან აქციაში და საბოლოოდ, 15 მაისის აქციაში, თბილისში. ჩვენთვის “ევროპული საქართველოსთვის” და რამდენადაც ვიცით, ყველა პოლიტიკური ძალისთვის, დემოკრატიულ ოპოზიციაში, რეგიონებში შეხვედრები და აქციები,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამაგვირგვინებელ დიდ საპროტესტო აქციას გეგმავს.
ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ გადადო, რაც თბილისს ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია. მალევე, მიშელის მედიაციით, დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც შვედი დიპლომატი და შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უძღვებოდა.
რამდემიდღიანი მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, 19 მარტს უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე დასრულდა.