ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრათ, რომ ის უნდა წავიდეს!” – ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს – საქართველო არ არის შენი ბოსტანი! ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

„ოპოზიცია აცხადებს სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავანახოთ დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, დიახ, არჩევნების შედეგებს არ ვეგუებით!. რაც მთავარია, არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო თავის ბოსტნად გადააქციოს, ხოლო ჩვენ მოგვექცეს ისე, როგორც ბოსტანში ბოსტნეულს ექცევიან. საქართველოს მოსახლეობამ, ადამიანებმა, რომლებსაც გვაქვს ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი წარსული, ადამიანები, რომლის წინაპრებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს – საქართველო არ არის შენი ბოსტანი!

ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს – დიახ, ჩვენ გვინდა ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ჯიბეში არ არის პრეზიდენტის სავარძელი, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო და სახელმწიფო, სადაც პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის კი არა, აღმოჩნდა, რომ მისი შვილის ლაქიაა, მისი შვილის უკანონო დავალებებს ასრულებს. ან ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ღირსეული ერი ვართ, რომელიც ყველაფერზე თვალს არ დავხუჭავთ იმიტომ, რომ ერთ კაცს 5 მილიარდი აქვს, ან გაგვიჭირდება საკუთარი თავის პატივისცემა და ჩვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვა.

მას შემდეგ, რაც აქ მყოფი ადამიანები მოვივლით საქართველოს, უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრათ, რომ ის უნდა წავიდეს! ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო, ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქცია. რაც მალე მიხვდება ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი, თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

იტვირთბა....