ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან და ამ ქვეყნის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რასა იუკნევიჩიანესმა საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებული დარჩა. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი.
მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო“, – თქვა ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.