„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბების თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ არნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია.
“აღნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და ემსახურება არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთხელ განმარტა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამაზე მეტყველებს, წლების განმავლობაში, საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა,”- წერია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, “გამოვლენილ ხარვეზზე სამართლიანი არჩევნების მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება.”