ქალზე ძალადობისთვის ბრალდებით დაკავებულ, პოლიტიკოს გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებიდან მალევე დაიხურა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება საქმეში სექსუალური ძალადობის ნიშნების გამო მიიღო.
პროცესის დახურვა თავად ბრალდებულმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამბავი მისმა მეუღლემ უკვე გაიგო და შესაბამისად, დასამალიც აღარაფერი აქვს.
“გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი” – განაცხადა გოგი წულაიამ.
პროკურორის თქმით, ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ფაქტობრივი გარემოებები.
ცნობისათვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ ქალზე ძალადობას ედავება. წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგი წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.