ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

აქვს თუ არა კავშირი “ასტრაზენეკას” ვაქცინას თრომბოემბოლიურ გართულებებთან – თენგიზ ცერცვაძე განმარტებას აკეთებს

თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა და ჯერ არსად დადასტურებულა მისი კავშირი თრომბოემბლიურ გართულებებთან.

მისი თქმით, საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მომატება და დღეში მინიმუმ 3000 ადამიანის ვაქცინაცია, რათა წლის ბოლომდე 60-65 %-იან იმუნიზაციას მივაღწიოთ.

„დღეისთვის სულ დარეგისტრირებულია 5,000 ექიმი, რაც ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენ მივმართავთ, მე პირადად მივმართავ, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო. ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, დაივიწყეთ, რადგან გაკეთდა სპეციალური დასკვნები გაეროს სპეციალური ექსპერტების კომისიის, ევროპის წამლის სააგენტოს და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის მიერ, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა თრომბოემბოლიური გართულების და მით უმეტეს სიკვდილის კავშირი ვაქცინასთან. დღეს გაკეთდება ჯანმო-ს საბოლოო განცხადება, რომელსაც მერე წყალი არ გაუვა. რამდენიმე დღეა საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს და უკვე აიცრა 3,000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს ძალიან ცოტაა, 3,000 ადამიანი ჩვენ 1 დღეში უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. ვაქცინაცია კი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო პერსონალი მიიღებს.

15 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.

დღეს, ასევე “ასტრაზენეკას” ვაქცინით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ აიცრა.

ეტაპობრივად, ვაქცინის დამატებითი დოზების შემოსვლის შემდეგ კი, ვაქცინას სხვა მოქალაქეებიც მიიღებენ.

იტვირთბა....