“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან და ა.შ.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს მაშინ ხდება, – “როცა პარტია მძიმე მდგომარეობაში ვარდება”.
ამასთან, ირაკლი კობახიძე დღეს მომხდარ ინციდენტს გამოხმაურა და აღნიშნა, რომ რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ “ნაცმოძრაობის” ოფისს ესროლოს.
“რატომაც არა, რატომაც არა. სხვა ლოგიკა სად არის. რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ ესროლოს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს. იმისთვის გააკეთეს, რომ “ნაცმოძრაობის” პლაკატი დაჭრეს და ნაცმოძრაობას ებრძვის ქართული ოცნება. სისულელეა”. – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისსა და ნიკა მელიას ბანერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მათი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მათთვის არ მიუმართავთ, გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს. უწყების ცნობით, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.