საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას აფასებს.
როგორც მთავრობის მეთაური “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა.
“ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც დაეხმარება საქართველოს მდგრადობის გაძლიერებაში და ალიანსთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.
მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და 2020 წლის ანგარიშისთვის, რომელშიც საქართველოსთან თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეძღვნება და აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაა სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საუბრისას, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით.” – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.