ევროდეპუტატი, მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ძალიან დიდი პატივი იყო.
როგორც ევროდეპუტატმა “ტვ პირველთან” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, პრემიერთან შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეს.
“მე მოვუწოდე მას, ისევე როგორც ოპოზიციას, მოახდინონ პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაცია, წავიდნენ კომპრომისებზე, პარტიული ინტერესების წინ ქართველი ხალხის ინტერესები დააყენონ და შესაბამისად გადადგან ნაბიჯი მედიაციისკენ, რომლისკენაც მოუწოდეს შარლ მიშელმა და კარლ ჰარცელმა“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
მარინა კალიურანდმა ამავე კონტექსტში საუბრისას აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა, რომლითაც დაბალანსებული პოზიცია გამოხატა.
“სამხრეთ კავკასიის დელეგაციის სახელით მინდა ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, პრობლემის გადაჭრისკენ მოვუწოდო. ოდირმა შეაჯამა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები და მათი შეფასებაა, რომ არჩევნები ჩატარდა სწორად. მნიშნველოვანია, რომ პარლამენტში იმუშაოს ყველა პარტიამ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მთავრობა და ოპოზიცია უნდა გაერთიანდნენ და იმუშაონ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლიონ. მე არ შემიძლია სპეციფიკური გადაწყვეტის გზებისკენ მოვუწოდო ქვეყანას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ეს ერთად უნდა მოახერხონ“, – აღნიშნა ევროდეპუტატმა.
ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა.
შეგახსნენებთ, რომ მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 6 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს.
14 მარტს “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება. პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა.