“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების შორის მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც შეხვედრის დატოვების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მოლაპარაკების მაგიდასთან განსახილველი ძირითადი საკითხები ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ ყოფილა, რის გამოც მან შეხვედრა დატოვა.
“ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა ფორმას, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენს გვერდზე.,”- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ნათელაშვილის თქმით, ის მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას მაშინ, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. სახლის აშენებას იწყებენ საძირკველით და არა სახურავით,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პარტიის ლიდერის თქმით, თუ აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეული არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მისი მოვალეობა ვერ შეასრულა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ამ წუთებში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.
შეხვედრაზე, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.