ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის პირველი შეხვედრა იმართება, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მონაწილეები “შესაძლო შეთანხმების” რამდენიმე პუნქტს განიხილავენ.
“დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს, სავარაუდო, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.
ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა.
შეგახსნენებთ, რომ მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 6 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება. პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა.