პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლისთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მთავრობის მეთაურის განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღეწულ წარმატებებზე.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დევიდ სასოლისთან. განვიხილეთ ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს ჩართულობას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.
განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ევროკავშირის ძალისხმევა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია როგორც კონკურენტული და ნათქვამია, რომ ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.
ვისაუბრეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და 2024 წელს იგეგმება ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.
ყურადღება დავუთმეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტს. განიხილეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები და პერსპექტივები, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაზე.
შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა, როგორც ჰუმანიტარული, ისე – უსაფრთხოების თვალსაზრისით. დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი ენიჭება.
დევიდ სასოლიმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.