ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეორედ მოსვლა გარდაუვალია, ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა გავაძლიეროთ ლოცვა” – ილია მეორე

„უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება და ბოროტი ძალა უძლური იქნება“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქადაგებაში, რომელიც საპატრიარქოს უწყებანის “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დიდი მარხვის დასაწყისს. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას.

მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ – ავადმყოფობა, ნაკლებობა. არ უნდა შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს თავის დასასრულს და გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ, ღვთის მადლი და ძალა იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვერაფერს გახდება.

ხშირად საუბრობენ, გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება და ბოროტი ძალა უძლური იქნება.

ეს ყველაფერი წერია ახალ აღთქმაში. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ბრძოლა მძიმე იქნება მორწმუნე ადამიანებისთვის, მაგრამ ღვთის ძალა და მადლი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ბოროტმა გაიმარჯვოს.

ჩვენ მივეცით ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, მთელ საქართველოს, რომ ყოველდღე ტაძარში შეასრულონ მცირე აიაზმის წესი. მცირე აიაზმის კურთხევის შემდეგ სამღვდელოება ასხურებს ნაკურთხ წყალს თავის სახლებს, თავის შვილებს, ოჯახს და ბოროტი აღარ მიეკარება მათ.

ღმერთმა ძალა მოგცეთ. ღმერთმა ძალა და მადლი მოგვცეს! ჩვენთან არს ღმერთი!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....