“პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ პოლიტიკური ცხოვრების ევროპულ, ინსტიტუციურ დონეს,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.
“მეტრონომი” ანალიტიკოსის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“ოპოზიციას ნულთან მიახლოებული შანსები აქვს ვადამდელი არჩევნების უზრუნველყოფისა, ამიტომ, მგონი, აჯობებს, მოეშვათ თამაშს, დახუროთ ეს ეტაპი, შეხვიდეთ პარლამენტში და გადახვიდეთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე. ამ შემთხვევაში თქვენ გექნებათ მხარდაჭერა პარტნიორებისგანაც და დროთა განმავლობაში შეიძლება გაძლიერდეს მხარდაჭერა ხალხისგანაც.
რაც უფრო დროულად გააცნობიერებს ოპოზიცია ამას, უკეთესია. დასრულდა ეს ეტაპი, რაც არჩევნებს მოჰყვა და ახლა მოთხოვნებიდან ვადამდელი არჩევნები უნდა გაიცვალოს ნულოვან ბარიერზე, სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე უშუალოდ პარტნიორების ჩართულობითა და მონიტორინგით.
თქვენს ადგილას ასევე დავუმატებდი მოთხოვნას, რომ მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი ვალდებულება შეასრულოს, არ დაჰყოს მედია სასურველ და არასასურველ საშუალებებად და საკუთარი საზოგადოებრივი ვალდებულება შეასრულოს ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობით.
პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ პოლიტიკური ცხოვრების ევროპულ, ინსტიტუციურ დონეს.
დროა, ყველა გადავეწყოთ იმ რეალობაზე და მოცემულობაზე რაც გვაქვს, არსებული წინააღმდეგობრივი სტრატეგიები ამოწურულია, მათ თვის ფუნქცია შეასრულეს.” – წერს არჩილ გამზარდია.