“ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით თავიდანვე, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ ეს დიალოგი ოპოზიციასთან,” – აღნიშნული განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას და სამართლის უზენაესობას, არ არის ქვეყნის ინტერესებში და სწორედ ეს იგულისხმა, როდესაც გააკეთა განაცხადი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
“ჩვენ რამდენიმე კონსტრუქციული ძალისხმევა განვახორციელეთ, რათა მომხდარიყო ამ წნეხის დეესკალაცია და გარკვეული იდეები, შემოთავაზება გვქონოდა. ჩვენ ძალიან აქტიურდ ვიყავით ჩართულნი ამ პროცესში. არ მინდა, დეტალებში შევიდე, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება.ბატონი დანიელსონი საქართველოშია ამჟამად, ის შეხვედრებს ატარებს ოპოზიციასთანაც და “ქართულ ოცნებასთანაც” და ამიტომ დაველოდებოდი საბოლოო შედეგს ამ კონსულტაციებიდან. რაც შეეხება კითხვას, თუ რა ვიგულისხმე იმაში, რომ არაფერს გავაკეთებდით სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, უნდა ვთქვა – რაც ყველა ქართველის ინტერესებშია. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებისა ან პოლიტიკური მიკერძოებისა, ყველამ უნდა დავიცვათ სამართლის უზენაესობა, ესაა ჩვენი საერთო მიდგომა, ესაა დამოკიდებულება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას, სამართლის უზენაესობას, არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, აი, ეს ვიგულისხმე სწორედ, როდესაც გავაკეთე განაცხადი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის საერთო დამოკიდებულება,” – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ცნობისთვის, ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.