ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფერი ძალიან მკაფიო და ნათელი იყო” – მდინარაძე ჟოზეფ ბორელის განცხადებას აფასებს

„ყველაფერი ძალიან მკაფიო და ნათელი იყო“, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედროს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზსთან დაკავშირებით გააკეთა.

მდინარაძის განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორებმა „კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.“

„ვინც ამ პრესკონფერენციას უსმინა და უყურა, იქ იყო ძალიან მკაფიო და ნათელი ყველაფერი. გზავნილებიც იყო ასევე მკაფიო და ვინც მოუსმენდა, აღარ დარჩებოდა კითხვის ნიშნები ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით.

მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს ხაზგასმა შემთხვევითი არ ყოფილა და იყო კონკრეტულად იმ კითხვის საპასუხოდ, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას შეეხებოდა. ჩვენი დღის წესრიგი არის მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმების მიღწევა, მაგრამ არ არის მხოლოდ ეს. საუბარია იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს, მიუხედავად იმ ურთულესი გამოწვევებისა, რაც პანდემიისგან მიყენებულმა ზიანმა განაპირობა, უნდა მივყვეთ ზედმიწევნით და 2024 წლისათვის ყველა პირობა უნდა გვქონდეს საიმისოდ შესრულებული, რომ ჩვენ გვქონდეს უფლება შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ პასუხისმგებლობას, რაც ხელისუფლებას და მმართველ გუნდს აქვს, არსად გავურბივართ, პირიქით და ეს ჩანს ჩვენს მოქმედებებშიც. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, კიდევ ერთხელ, ნათლად და მკაფიოდ იყო მითითებული, რომ ბოიკოტი არ არის ის გზა, რომელიც ამ შემთხვევაში იქნებოდა რელევანტური ოპოზიციის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ყველა კითხვას კიდევ ერთხელ და ნათლად გაეცა პასუხი არა ჩვენი მხრიდან, არამედ ყველაზე ობიექტური დამკვირვებლების მხრიდან, ეს იყო ევროპის ქვეყნების ოფიციალური პოზიცია, რომელიც ბატონმა ბორელმა წარმოადგინა.

როდესაც ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირს ეკითხებიან, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ის პასუხობს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ამაზე მკაფიო და ნათელი პასუხი არ არსებობს“, -აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ცნობისთვის, ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

იტვირთბა....