ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედა ნინო ქვრივიშვილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
მსჯავრდებულის დედა მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გავლენის ქვეშ მიიღო.
ა.ქ.-ის დედა აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი არავის მოუკლავს და ეს უბედური შემთხვევაა.
“გაქცევაზე მიუსაჯეთ, რომ გაიქცა, მკვლელობაზე როგორ უსჯით? მართლა მკვლელებად უნდა აქციოთ? 12 წელში ჩემ შვილს ცოცხალი აღარ დავხვდები, რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, ბარემ მომკალით! სიმართლე არ გაინტერესებთ. აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა. როგორც „შეკერეთ“, ისე გახსენით ეს საქმე და შვილი გამითავისუფლეთ. ხალხი „აგვიბუნტეს“ რომ მკვლელი შვილები გვყავს! ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს. 12 წლის მერე მე ცოცხალი არ ვიქნები და ვინ მომხედავს? წყლის მომტანი არ მყავს. საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს” – ამბობს მსჯავრდებულის დედა
ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, ხოლო არასწრულწლოვან ბრალდებულებს – 14-14 წელი. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი საპატიმროში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.