ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით აღფრთოვანებულ ადამიანებს მიმართავს და ამბობს, რომ ჩოგბურთელი მხარდაჭერამ გაათამამა. პატარაია არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობაზეც საუბრობს.
“ესეა რა, ერთხელ რომ გაუვა მოძალადეს, ორჯერ რომ გაუვა, ღმერთად რომ დაისვამ მოძალადეს, მერე შემოგიტრიალდება და უარესად დაგარტყამს. ბასილაშვილმაც ასე ქნა, მხარდაჭერით გათამამებულმა საკუთარი მხარდაჭერთა არმია მთელ არასამთავრობო სექტორს მიუსია. ოცნებასთან შეკრულმა ჭკადუამ თავად შეთხზა არარსებულ წერილზე მითი, დააბრალა არასამთავრობოებს და მთელი სპორტული აღტყინება ენჯეო სექტორის წინააღმდეგ მიმართა. ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამაც ბედნიერად ჭამა ეს და საკუთარი გვერდი აქცია ენჯეოების სალანძღავ გვერდად.
ეხლა აღარ გჭირდებათ ხო არასამთავრობოები? დაგჭირდებათ მალე, თან ქოცების ხელში. მოძალადის მხარეს ყოფნა არავის მოუტანს სიკეთეს, მითუმეტეს მოძალადის გაღმერთება და თაყვანისცემა. ღია აბაშიძე რომ ჭკადუა-ბასილაშვილს ტანდემს იცავს და ენჯეოებს თათხავს არც ეს არაა სიმპტომი? ამითიც ვერ ხვდებით რა ხდება?
პ.ს. მასე, სტალინიც კი იყო ქართველი და ძლიერი და მაშინ სტალინითაც იამაყოს ერმა თუ მხოლოდ ქართველობა, წარმატებულობა და სიძლიერეა მთავარი გულშემატკივართათვის.პ.ს.ს. ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ნეკას საქმეში, ექსპერტიზები დევს, მოწმეთა ჩვენებები დევს, ვიდეო მასალაც დევს, სასამართლოს თუ არ უბრძანეს და სამართლიანად თუ ჩატარდა, ვიცით, რა შედეგით უნდა დამთავრდეს ეს საქმე, როგორც ბევრი სხვა მსგავსი საქმე. დროის საკითხია. თუმცა ისეთ კომენტარებზეც მთაგავენ “ცოლის კიდევ ერთხელ ცემის უფლება მოიპოვა უკვე ბასილაშვილმაო”, ჰო, ღლიცინებს ბედნიერი ერი. ჩვენისთანა ბედნიერი არის სადმე კიდე ერი?” – წერს პატარაია.
ცნობისთვის, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის ამ ეტაპზე თავისუფალია. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.