ხელისუფლების მთავრი მოტივატორი არის შიში და სანამ შუამავლები აქ არიან, ტკბილად საუბრობენ, ხოლო როგორც გაისტუმრებენ, მაშინვე თვალებს აბრიალებენ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა.
მისი თქმით, დანიელსონმა ხელისუფლების ეს ვირეშმაკობა აღარ “ჭამა” და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენა გადაწყვიტა.
ხუხაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ამ ეტაპზე რთულია მტყუან-მართლის გარჩევა და აქ მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიწიოთ.
,,ხელისუფლებას აქვს მოქმედებების გარკვეული ტაქტიკა, მათთვის მთავარი პრობლემაა, რომ არ აჩვენონ სისუსტე და მუდმივად იყვნენ ძალისმიერი მოქმედებების რეჟიმში. მიაჩნიათ, რომ როგორც კი სისუსტეს გამოავლენენ ყველაფერი ჩამოეშლებათ. შიში არის მთავარი მოტივატორი ხელისუფლების პოლიტიკური ტაქტიკის დაგეგმის დროს, სანამ შუამავლები აქ არიან უნდა ვიყოთ ტკბილები და მურაბები, როგორც კი თვითმფრინავში ჩასხდებიან და გაფრინდებიან, ჩვენ შევპირდეთ და ბიძინა „გადააგდებს“. შარლ მიშელი რომ ჩამოვიდა ღარიბაშვილი იჯდა ძალიან კონსტრუქციულად შეხვედრებზე, როგორც კი გაფრინდა, ისევ გამოვიდა და თვალების ბრიალი და ფეხების ბაკუნი დაიწყო. ახლაც ასე იყო დაგეგმილი, ჩათვალეს, რომ დანიელსონი გაისტუმრეს. პატარა „ფოლს სტარტი“ მოუვიდა კობახიძეს ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ უნდა გაფრენილიყო და მერე ეძახა რაც იძახა.
დანიელსონმა ბოლო დროს აღარ „ჭამა“ ეს ყველაფერი, მიუხვდა ამ ვირეშმაკობას ხელისუფალს და თქვა, რომ ვრჩები სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ამის შემდეგ ძალიან რთულია „ტრიუკების“ ტარება. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე იმის მტკიცებას ვინ მართალია და ვინ მტყუანი, აზრი არ აქვს, ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ. როდესაც ერთ-ერთი მხარე იწყებს მიზეზების აქტუალიზაციას, ამ მხარეს არ უნდა თემის გადაწყვეტა. კობახიძის გუშინდელი გამოსვლა იყო მოლაპარაკებების აფეთქების დაანონსება, ვილაპარაკოთ იმაზე რას ვაკეთებთ და არა იმაზე, რომ ვიღაცები არიან „კრიმინალები“. თუ მართლაც ასეა „კრიმინალებთან“ ზიხარ და მოლაპარაკებებს აწარმოებ?“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.