„ერთ ადგილას ვიყავით გაჩერებული. ვერ დავტოვეთ ჩვენი მეგობარი, ხელები დავუზილეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ ვუშველეთ. ცუდად გახდა, ფეხზე ძარღვი გაეკვანძა და ვეღარ დადიოდა. თოვლში რამდენიმეჯერ წაიქცა, წამოვაყენეთ და წავიყვანეთ. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ”, – იხსენებს გომისმთაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადარჩენილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი.
იგი მომხდარის შესახებ დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ ამინდი მთაზე ასვლისთანავე რადიკალურად შეიცვალა. გადარჩენილი ახალგაზრდის თქმით, მთაზე ისეთი ნისლი იყო, მეგობრებს ერთმანეთის დანახვა უჭირდათ. ამასთან, ახალგაზრდა ამბობს, რომ მეგობრის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“როდესაც გარდაიცვალა არ ვტოვებდით, ვერ დავტოვებდით. მის გვერდზე ვიყავით გაყინულები. გავათენეთ, სანამ მაშველები მოვიდნენ. შიში არ გვქონდა, მაგრამ ბოლოს ტანსაცმელს გავუკიდეთ ცეცხლი, მისთვის ხელი რომ გაგვეთბო, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ.
კარგი ამინდი იყო, როდესაც ავედით უცებ შეიცვალა ამინდი. თოვლი მოვიდა, ქარბუქი დაიწყო. ისეთი ნისლი იყო ერთმანეთს ვერ ვხედავდით“ – ამის შესახებ ახალგაზრდამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ცნობისათვის, 13 მარტს მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. თოვლიდან კი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სიტუაციას რთული რელიეფი, ქარბუქი და 3 მეტრის სიმაღლის თოვლი ართულებდა.
მიუხედავად მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისა, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლო. ისინი უვნებლად, თუმცა ჰიპოთერმიის ნიშნებით იპოვეს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.