ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლება კარგად ცნობილ „ტრიუკს“ ატარებს… ეს ტაქტიკა როგორც ჩანს ბრიუსელმა გაშიფრა” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, დანიელსონის ფრენის გადადება, ფაქტობრივად ხელისუფლების მიმართ უნდობლობას უსვამს ხაზს. მან ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება კარგად ცნობილ “ტრიუკის” ჩატარებას აპირებდა, თუმცა ევროპაში უკვე კარგად ხედავენ ამ ტრიუკებს და დანიელსონის გადადებული ვიზიტიც ამის შედეგია.

„დანიელსონის გაფრენის გადადებით ხაზი გაესვა აბსოლუტურ უნდობლობას ხელისუფლების მიმართ. გუშინ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება მოახდინა, როდესაც წარმოუდგენლად სკანდალური განვითარება ვნახეთ და ხელისუფლებამ მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, დანიელსონი იძულებული გახდა ეთქვა, რომ ის კიდევ ერთი დღით რჩება საქართველოში. როგორც ჩანს ხელისუფლება კარგად ცნობილ „ტრიუკს“ ატარებდა, ის, რაც ჩაატარა ღარიბაშვილმა შარლ მიშელის ვიზიტის დროს. როგორც ჩანს ევროპაში კარგად ხედავენ და მათი ეს „ტრიუკები“ კარგად აქვთ გათვლილი. გუშინ კობახიძემ ცოტა იჩქარა და დროზე ადრე დაიწყო ისევ აგრესიული რიტორიკა და დანიელსონი ამის შემდეგ დარჩა თბილისში იმისთვის, რომ რეალური შედეგი მისივე თანდასწრებით დაიდოს, რადგან ნდობა ხელისუფლებისადმი, რომ ისინი დამოუკიდებლად რაღაც შეთანხმებაზე წავლენ ვინმესთან, არ არის. დღეს ხელისუფლების ტაქტიკა არის მარტივი, მათთვის პრობლემაა როგორმე გადააგორონ ბრიუსელის ვიზიტი. რეალურად, განცდა რჩება ასეთი, რომ ესენი არ არინ მონდომებულები იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, უბრალოდ, მათთვის პრობლემატური იყო ბრიუსელის ვიზიტის ჩავარდნა ან სერიოზული კრიტიკა ბრიუსელში.

ტაქტიკა არის ის, რომ როგორმე ეს ვიზიტი გაწელონ და გადააგორონ და მერე ისევ დაუბრუნდნენ თავის ცნობილ საომარ რიტორიკას. ეს ტაქტიკა როგორც ჩანს ბრიუსელმა გაშიფრა და დანიელსონი დარჩა იმისთვის, რომ ბრიუსელში ვიზიტამდე დაიდოს კონკრეტული შედეგი“ , – ამბობს ხუხაშვილი ინტერვიუში.

იტვირთბა....