„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცალმხრივად, მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება არ შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც ასეთი დონის მედიატორები არიან ჩარეულნი.
ამასთან, როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და “ოცნების” თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი შეცდომა გამოასწორეს.
“დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, გამოვასწორეთ ირაკლი კობახიძის გუშინდელი, საკმაოდ უხეში შეცდომა. დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ ირაკლი კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს. იმიტომ, რომ გუშინ რა განცხადებაც გაკეთდა, არანორმალური იყო. ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება არ შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც ასეთი დონის მედიატორები არიან ჩარეულნი. რა თქმა უნდა, მედიატორობა იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ხაზი მათ მიერაა დასმული, ორივე მხარეს უსმენენ და მათ დაახლოებას ცდილობენ. ვფიქრობ, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ოპოზიცია მოლაპარაკებაში კონსტრუქციულია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.
ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.