სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ქუთაისში “ნამოხვანისჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას სოციალურ ქსელშ გამოეხმაურა.
როგორც ექსპერტი თავის პოსტში ამბობს, დღეს აქციის ორგანიზატორებმა, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურანავას გადადგომის მოთხოვნით, შეცდომა დაუშვეს.
“ჰეს(ებ)ის საწინააღმდეგო მოძრაობა ადრეც უშვებდა შეცდომებს. დღეს სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როცა პოლიტიკური პირის გადადგომას ითხოვენ.
დღეს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ, დაუკმაყოფილებენ, მერე პრემიერის გადაყენება მოუნდებათ, შემდეგ ვადამდელი არჩევნები…
ასეა ყოველთვის. რაიმე კეთილშობილურ იდეას და პროტესტს ვერ იპოვი, მის უკან პოლიტიკა ან გეოპოლიტიკა რომ არ იდგეს. აქაც იგივეა.
ჩამოყალიბდით, პოლიტიკა გაინტერესებთ, თუ ხეობის ეკოლოგია და უსაფრთხოება?!
საკმაო გამოცდილება მაქვს გავარკვიო ვის რა ამოძრავებს…
ზოგიერთს ისე მოაქვს თავი, თითქოს ყველაზე მეტად უყვარს სამშობლო. ვინც ყველაზე იოლად აწებებს იარლიყებს სხვას, როგორც წესი ისაა ხოლმე სხვისგან მართული. ეს ისე, ზოგადად….
კიდევ დავუბრუნდები თემას. ოღონდ, რაღამც პოლიტიკაში გადაიზარდეთ, ჩემი შეფასებებიც შესაბამისი იქნება.
თუ აქამდე ვიყავი იმ მოსაზრებაზე, რომ ეკოლოგიის და სეისმო, თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების კუთხით იყო ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი, რაც პროექტის მისამართით იყო, ახლა უფრო მეტი კითხვა მიჩნდება პროექტის მოწინააღმდეგეთა მისამართით.
ანა-ბანაა, როცა ჰესი და ხეობა გაწუხებს, პოლიტიკისგან უნდა გამიჯნო. არ უნდა მოგვაჩვენოთ, რომ ჰესი საბაბი იყო.
ან თურნავამ რითი შეგიშალათ ხელი, დამატებითი კვლევები დაანიშნინა და მათ დასრულებამდე მშენებლობა შეაჩერებინა. დღეს რა გაქვთ საპრობლემო. ჩაერთეთ კვლევებში.
გამოდის, თქვენ ეს საკითხი არ გადარდებთ და არ ხართ დარწმუნებული, რომ კვლევების შედეგები უარყოფითი იქნება.
ანუ, კვლევამ რაც არ უნდა აჩვენოს, ასე გინდათ უბრალოდ, რომ არ უნდა აშენდეს და მორჩა. ხომ ასეა?
მაშინ რა საჭირო იყო ექსპერტების მობილიზება და ეს ფარსი? გეთქვათ ორი რამ: საქართველოში ჰესები არ უნდა აშენდეს და თუ აშენდება, მხოლოდ რუსეთმა უნდა ააშენოს.
ასე გამოგდით, აშკარად.
კიდევ ერთი, კვალიფიკაციის პრობლემა გიდგათ, აშკარად. მაგალითად, ვუცქირე მწვანე ალტერნატივის ვიდეო ბლოგს. ძალიან ზედაპირულია.
მოკლედ, ეს არაა ვენების და იოგების საფხრეწი თემა. ნურც ვინმეს შეეჯიბრებით პატრიოტიზმში. ამ თემის ახლიდან გამოკვლევას საკმაო დრო და ბევრი სპეციალისტის მუშაობა სჭირდება. დაჯექით და იმუშავეთ.
თუ პოლიტიკა გსურთ და ახალი “ზელენსკის” შექმნის ტექნოლოგიაა, მაშინ სხვა სფეროში გადავდივართ.
ყველაზე დიდი ეჭვი კიდევ მაშინ ჩნდება ხოლმე, თავისივე დაწყებულ პროექტს რომ აპროტესტებენ…” – წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები გაიმართა. აქციაზე შეკრებილები კომპანია “ენკას” ხელშეკრულების გაუქმებას და მისი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ. დღეს კი აქტივისტების მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.