ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ სამი ალტერნატივაც კი ვთქვით, მაგრამ ველოდებით პასუხს” – გიორგი ვაშაძე

“ჩვენ სამი ალტერნატივაც კი ვთქვით, სხვადასხვა ვარიაციები თარიღების და წინაპირობების რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ ველოდებით ამ საკითხებზე პასუხს,” – აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვაშაძემ მედიასთან საუბრისას დასძინა, რომ ის იმედოვნებს, დღის ბოლომდე “ქართული ოცნებიდან” ახალ პოზიციებს მოისმენენ.

“შინაარსობრივ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გარკვეული პროგრესი გვაქვს, რაც მე პოზიტიურად განმაწყობს, რომ დღეს დღის ბოლომდე, სადამდეც კიდევ ერთი ან ორი შეხვედრა გვექნება, გარკვეული საკითხები კიდევ დაზუსტდება და კიდევ შეიძლება დაახლოვდეს მხარეების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე, რაც დარჩა იმ საკითხებზე, ჩვენ ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს “ქართული ოცნების” მხრიდან.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობდით, ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ ევროკავშირის და აშშ- ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა. განიხილება 6- ვე პუნქტი, როგორც პატიმრების და პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო რეფორმის ფუნდამენტური საკითხი და განიხილება რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩვენ სამი ალტერნატივაც კი ვთქვით, სხვადასხვა ვარიაციები თარიღების და წინაპირობების რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ ველოდებით ამ საკითხებზე პასუხს,” – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მანამდე კი კრისტიან დანიელსონმა შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან გამართა.

იტვირთბა....