“ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის – არაფერი არ შეცვლილა, თუმცა ამ მოლაპრაკებების მთავარი შინაარსი არის, რომ ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე,” – აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე გააკეთა.
ვაშაძის განმარტებით, ყველაფერი დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული.
„მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაზე უფრო დეტალურად უნდა მოვისმინოთ საით მივდივართ. დღეს საღამომდე, ხვალ გამთენიამდე პირდაპირ ვიტყვით, რომ შეთანხმებისკენ მივდივართ თუ არ მივდივართ შეთანხმებისკენ. ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის – არაფერი არ შეცვლილა, თუმცა ამ მოლაპრაკებების მთავარი შინაარსი არის, რომ ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე. რა იქნება ეს მოსაზრება?! რა იქნება მათთვის გონივრული, ობიექტური შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი?! ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ფორმატში – დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციიდან მედიაციისკენ გადასვლა ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ მათ საკუთარი მოსაზრება ექნებათ, ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ რა იქნება და როგორ.
მთავარი საკითხი არის ის, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას, თუ ნაბიჯი შეთანხმებისკენ არ გადაიდგა არც შარლ მიშელს არ ექნება ტყუილად შეხვედრის სურვილი და ბრიუსელში ძალით ვერ ჩავალთ და ვერ ვეტყვით შეგვხვდითთქო, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული არის დღევანდელ დღეზე, ვხედავთ ნათელ მომავალს შეთანხმების თუ ვერ ვხედავთ?! აქედან გამომდინარე, თუ ევროპული მხარე იტყვის, რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც ჩავალთ და შარლ მიშელსაც შევხვდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მანამდე კი კრისტიან დანიელსონმა შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან გამართა.